მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png
მოზარდების მწერალი წერაზე, მოზარდობასა და წიგნის კითხვაზე

თამარ გეგეშიძე

მოზარდების მწერალი წერაზე, მოზარდობასა და წიგნის კითხვაზე

თამარ გეგეშიძე თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელსაც განსაკუთრებული აუდიტორია-მოზარდები ჰყავს შერჩეული. ის მათზე და მათთვის წერს და ამავე დროს, მოზარდების მშობელი და მასწავლებელიცაა. მისი წიგნები სულ ბესტსელერია, ამის მიზეზი, ტექსტის ლიტერატურული ღირებულებისა და მნიშვნელობის გარდა, ზუსტად შერჩეული მკითხველი და ამბებია. გაიხსენეთ თქვენი მოზარდობა, როგორ გინდოდათ, გყოლოდათ ცოტათი უფროსი მეგობარი, რომელიც ერთდროულად თქვენი ჰორმონალური ცვლილებების შესახებაც აგიხსნიდათ, კანზე გამონაყარის მატებაზეც დაგამშვიდებდათ და, რაც მთავარია, მშობლებთან და კლასელებთან ურთიერთობის სირთულეების მიზეზებს განგიმარტავდათ. ფაქტობრივად, საკუთარი ამბავს წაიკითხავდით, ოღონდ წიგნში დაწერილს. თამარ გეგეშიძე სწორედ ასეთი მწერალია, გარდატეხის ასაკის სირთულეებში დაკარგულ, შეშინებულ და აფორიაქებულ მოზარდებს მათ ამბებს უყვება და სირთულეების გადალახვის გზებსაც ასწავლის.

ცხოვრებისა იმ ეტაპზე, როცა ვფიქრობდი, რომ მეტ-ნაკლებად გამოცდილი დედა ვიყავი, მეგონა, რომ ჩემი პროფესიაც, ასე თუ ისე, მომწონდა და, ჩემი აზრით, მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, გადამეწყვიტა, რა თემებზე მეწერა წიგნები, სკოლაში აღმოვჩნდი, მოზარდების პირისპირ მარტო დავრჩი და მათ ცხოვრებას მათივე თვალით შევხედე.

მგონი, აქედან დაიწყო ჩემი თავაგადასავალიც, რომელმაც მკვლევრად, ფსიქოლოგად, ისტორიკოსად, არქეოლოგად, მასწავლებლად, ჰუმანურ აღმზრდელად, ემპათიურ მსმენელად, მომთმენ მშობლად და, ვინ იცის, კიდეც რამდენი რამის სპეციალისტად მაქცია. მოზარდებისგან ვისწავლე, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში მთავარია აღიარება, მოსმენა და მიმღებლობა. წიგნიც ამაზე უნდა დამეწერა და მოზარდების ნაცვლად არაერთ კითხვაზე მეპასუხა - როგორი ადამიანი ჩემთვის მისაღები? შემიძლია თუ არა მივიღო ადამიანი მისი უცნაურობებითა და განსაკუთრებულობით? რა ვიცი სხვა ადამიანზე? რამდენად კარგად ვიცნობ მას იმისთვის, რომ მომწონდეს ან არ მომწონდეს?

მოზარდებისთვის ხშირად გვიწევს იმის შეხსენება, რომ წიგნების კითხვა აუცილებელი და საჭიროა, რადგან ლიტერატურა სხვისი გამოცდილების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის უცხო, შორეულ, უტოპიურ ან ალტერნატიულ სამყაროში გვამოგზაურებს, ემოციურად გვავსებს და ხანდახან ჩვენს სევდას შველის. მაგრამ ამის მტკიცებას, ალბათ, ჯობს, გავიგოთ, რა ინტერესი აქვს ჩვენს უმცროს მეგობარს, რა იტაცებს, რაზე ოცნებობს. მერე კი ფრთხილად და გამიზნულად შევარჩიოთ საკითხავი, ხელში მივაჩეჩოთ რომელიმე კონკრეტული ეგზიუპერი, ვებსტერი ან სელინჯერი, რომელიც მის სულიერ სამყაროს ეხმიანება, მის პრობლემებზე ყვება ან მის ფანტაზიას გასაქანს აძლევს, ავტორზე, ტექსტის მნიშვნელობაზე, გავლენაზე, წიგნის შეფასებებზე ვესაუბროთ, პირველი გვერდი წავუკითხოთ, წიგნის სურნელით თავბრუ დავახვიოთ და ოთახში მარტო დავტოვოთ. მოზარდებზე და მოზარდებისთვის დაწერილ წიგნებს, რომლებიც არა დიდაქტიკისთვის, არამედ თანაგანცდისთვის იწერება, მტვერი არასდროს ედება.

ყველა ჩემი პერსონაჟი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ კითხვისას მოზარდების სახეები აირეკლოს და საჭირო დროს მათი მარტოსულობა დაძლიოს.

თამარ გეგეშიძე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები (0)

https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე