მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png
რა ასაკში უნდა წავიკითხოთ საშიში, ან სევდიანი ამბები?

ზანდა ჩეჩელაშვილი

რა ასაკში უნდა წავიკითხოთ საშიში, ან სევდიანი ამბები?

ყოველთვის, როცა ერთმანეთს ამბებს ნებისმიერი ფორმით ვუზიარებთ, იქნება ეს თხრობა, თუ კითხვა, ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს, საკუთარ თავს და გარშემო არსებულ სამყაროს.

ამბების კითხვა გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. აუმჯობესებს ენობრივ უნარებს, ეხმარება ბავშვს რთული ემოციების გაგებასა და მათთან გამკლავებაში, სოციალურად მისაღები ქცევების ფორმირებაში, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ფანტაზიის უნარს. საერთო ჯამში კითხვა ერთგვარი ინსტრუმენტია სამყაროს შეცნობის პროცესში. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გონება მოწყობილია მოისმინოს კარგი ამბავი.

თუ გვინდა, ბავშვებმა მოისმინონ ისტორიები და მოგვიანებით თავად წაიკითხონ ისინი, უნდა შევურჩიოთ მათ ისეთი ამბები, რომელიც მოსმენად ღირს. ამბავი უნდა იყოს საინტერესო, ასაკის შესაბამისი, ემოციური, რაღაც ახლის მომცემი, ჰყვებოდეს ისეთ პერსონაჟებზე, იმდენად მნიშვნელოვან ისტორიებს, რომ აიძულოს ბავშვები მოუთმენლად გადაფურცლონ წიგნი, არ ეთმობოდეთ ამბავი გასაწყვეტად.

რამდენად კარგად გვაქვს გააზრებული რატომ ვუკითხავთ ბავშვებს წიგნებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელია. სწორედ ესაა კითხვა, რითაც ბავშვთან წიგნის წარდგენა უნდა დავიწყოთ. თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რა მიზნისთვის ვკითხულობთ წიგნს, ამ კონკრეტულ მომენტში, ვერაფრით შევარჩევთ ლიტერატურას სწორად.

თითოეულ ამბავს თავისი მიზანი აქვს. ისტორიები შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი რამისთვის - დროის გასაყვანად, ბავშვის ჩასაძინებლად, დასამშვიდებლად, დასაფიქრებლად, კარგად მოიქცა თუ არა, დასახმარებლად, როგორ შეიძინოს მეგობრები, როგორ გახდეს დამოუკიდებელი, როგორ არ ეშინოდეს სკოლაში პირველი დღის, როგორ იზრუნოს ადამიანებზე, საკუთარ თავსა თუ ცხოველებზე.

ისტორიებით შეგვიძლია ვაჩვენოთ ბავშვს, რომ დამარცხება ადამიანურია და ამას არა უშავს, რომ გამარჯვებისთვის ბევრი მცდელობა და შრომაა საჭირო, რომ ზოგჯერ კარგ ადამიანებს არ უმართლებთ, რომ ყოველთვის ვერ მიიღებ საწადელს. ზოგჯერ ვბრაზდებით, გვეშინია, სევდიანები ვართ და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ზოგჯერ უნდა მოვიწყინოთ.

ძალიან ხშირად შეკითხვა რომელსაც მშობლები სვამენ სხვაგვარად ისმება - რა ასაკში უნდა წავიკითხოთ საშიში, ან სევდიანი ამბები? უნდა წავიკითხოთ თუ არა ისინი საერთოდ? რა საჭიროა ამბავი, რომელიც ბავშვს გულს ატკენს, ან შეაკრთობს, ან დაასევდიანებს?

ამგვარ ისტორიებს თავისი დანიშნულება აქვს. ბრაზი, სევდა, შიში - უმნიშვნელოვანესი ემოციებია. ბავშვი ამ ემოციებს ძალიან ადრეული ასაკიდან განიცდის. ადამიანი ემოციების გარეშე უბრალოდ ვერ გადარჩება, რაკი სწორედ ემოცია გვაიძულებს გავიქცეთ, ან ვიბრძოლოთ, ან გავჩერდეთ. სწორედ ემოციაა ის, რაც ობიექტურ რეალობას სუბიექტურ გამოცდილებად აქცევს და აზრს აძლევს ცხოვრებას. თუმცა, ხშირად მშობლებს გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვთ უსიამოვნო ემოციები აარიდონ ბავშვებს, არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ამბების კითხვის დროსაც კი. რასაც შედეგად მივყავართ ზღაპრების შეცვლამდე, ისტორიებიდან უსიამოვნო სიუჟეტების შელამაზებამდე, ამბის მთლიანად გადასხვაფერებამდე. ამგვარად დამახინჯებული ისტორიები, უშინაარსო და უინტერესოც და ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

დავფიქრდეთ, ხშირად ისე ხომ არ ხდება - როგორც მშობლებმა, ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავიცვათ ჩვენი შვილები ტკივილისგან, რომელიც ვიცით, რომ კონკრეტული წიგნის კითხვისას გარდაუვალია? ხშირად ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ ჩვენი შვილების შესაძლებლობებს, გაუმკლავდნენ ამ ტკივილს, როდესაც ადამიანების შესახებ სევდიან ამბებს კითხულობენ?

შესაძლებელია თუ არა, ის თანაგრძნობა, რომელსაც ისინი განიცდიან სევდიანი ისტორიების წაკითხვისას, გადაიზარდოს მათ გაძლიერებაში და არა განადგურებაში? იქნებ ამგვარი ისტორიები გვაშინებს, რადგან მათ ვკითხულობთ როგორც მშობლები, ზრდასრულები და არა როგორც ბავშვები, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, როგორაა მოწყობილი სამყარო და იპოვონ საკუთარი ადგილი?

მოთხრობები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვების განვითარების პროვოცირებისთვის და მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილების სასწავლებლად. სევდიანი თუ საშიში ისტორიების რეპერტუარიდან ამოღებით, ჩვენ გამოვტოვებთ რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს, როგორიცაა:

  • თანაგრძნობა ჩვენზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანებისადმი;
  • სამართლიანობისა და უსამართლობის კვლევა;
  • ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს რეალისტური გაგება;
  • შესაძლებლობა, ვაჩვენოთ ბავშვს, რომ ის მარტო არ არის თავის ბრძოლაში;
  • რომ რთულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს მაინც შეუძლიათ გაიმარჯვონ;
  • რომ სუპერგმირებიც კი მარცხდებიან და მათ სჭირდებათ დახმარება;
  • რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ეს განსხვავებულობა მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელ პირობებს, არამედ შეზღუდულ შესაძლებლობებსაც.

რა უნდა გვახსოვდეს, როცა ერთი შეხედვით საშიშ წიგნებს ვკითხულობთ?

ამბავი უსაფრთხო ადგილია - რადგან შენ იქ ხარ და გაქვს კონტროლი მთლიან სიტუაციაზე. ისტორიები და თხრობა იდეალური გარემოა მტკივნეული თემებისთვის, ზუსტად იმიტომ, რომ უსაფრთხოა ადგილი, სადაც მათ შესახებ ვკითხულობთ. ბავშვი პირდაპირ არ განიცდის ტკივილს, შიშს, სევდას - იგი ხედავს მას კონკრეტულ კონტექსტში, სხვა ადამიანების მაგალითზე, ამ ამბავს კი თქვენ აკონტროლებთ. თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ იდეები, შეიტანოთ ცვლილებები, დამალოთ ყველაზე საშინელი სურათები, ან გახადოთ საშინელი ხმები უფრო ხმამაღალი, მშვიდი ან უფრო მხიარული ამბის წაკითხვისას. რასაც მართავთ ბავშვის უკუკავშირებზე დაკვირვებით. იმაზე დაკვირვებით, რას გაიაზრებს ან იგრძნობს ბავშვი.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წაკითხული ამბავი მხოლოდ დასაწყისია. სევდიანი თუ საშიში ისტორიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვს მათ ვერ ავარიდებთ რეალურ ცხოვრებაში, იმის მიუხედავად რამდენად ბედნიერი ზღაპრებიც უნდა ვუკითხოთ. მოგზაურობა კი იწყება მას შემდეგ, რაც თქვენ წაიკითხავთ ამბავს. ეს შესანიშნავი დასაწყისია თამაშისა და კვლევისთვის. უსამართლობის შეცვლის მცდელობა შეიძლება იყოს პრობლემების გადაჭრის სტრატეგიების მოფიქრება ბავშვთან ერთად, აღძრულ ემოციებზე საუბარი. იმის გააზრებაში ბავშვის დახმარება, რომ ზოგჯერ უსიამოვნო ამბები ხდება ადამიანების თავს და ამასთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ.

ზრდასთან ერთად ბავშვები განიცდიან ემოციების ფართო სპექტრს. მათ სჭირდებათ ინსტრუმენტები, რათა გაუმკლავდნენ ამ სრულ სპექტრს. წიგნები და მოთხრობები არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომლითაც შეგვიძლია ბავშვებს მივცეთ ხელსაწყოები ფრუსტრაციასთან გამკლავების პროცესში.

ნებისმიერი ისტორიის კითხვისას გახსოვდეთ:

  1. თქვენ იცნობთ საკუთარ შვილს: უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს შვილს. იცით მისი გამოცდილება, დამოკიდებულება, მტკივნეული თემები. თქვენ იცით, როდის არის ბავშვი მზად კონკრეტული ისტორიების მოსასმენად და ეს ყოველთვის ასაკთან შეჭიდული არაა. მხოლოდ ასაკს ვერ გავითვალისწინებთ ლიტერატურის შერჩევის პროცესში. თქვენ უნდა აირჩიოთ ისტორიები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება ბავშვს.
  2. ჩაატარეთ ექსპერიმენტები რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტის მოსინჯვით და სიფრთხილით: ეს გულისხმობს ერთი და იმავე ისტორიის სხვადასხვა ვერსიის მოსინჯვას. მაგალითად, ამბავი, სადაც გოჭები და მგელი საუკეთესო მეგობრები ხდებიან, ან სადაც მგელი ცეცხლში ვარდება და კვდება, ან სადაც ის ქვაბში ვარდება და კუდს იწვავს.
  3. წაკითხული ამბავი გამოცდილებაა: ამბის თხრობის აქტი არის გამოცდილება - და მასში, თქვენ, როგორც მთხრობელს, მთავარი როლი გაქვთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იყენებთ თქვენს ხმას, როგორ ქმნით უსაფრთხო გარემოს, ამსუბუქებთ დაძაბულობას. დასვით კითხვები და შეამოწმეთ, რომ ბავშვი კარგად არის. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ბავშვს და ეძებეთ ინტერესის (ან უინტერესობის) ისევე, როგორც ნერვიულობის, ან შეშფოთების ნიშნები. ასე გეცოდინებათ, როდის უნდა გაჩერდეთ, ან შეარბილოთ ნარატივი.
  4. შეინარჩუნე ბალანსი: ვერცერთი ბავშვი იხეირებს უბედური წიგნების გაუთავებელი ნაკადით. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ბავშვების ლიტერატურა - სხვადასხვა კულტურის წიგნებით, განსხვავებული განწყობით და განსხვავებული დასასრულით. თუმცა აუცილებელია დავიცვათ ბალანსი ლიტერატურულ ჟანრში. წიგნები უნდა იყოს სევდიანიც და ბედნიერიც, საგანმანათლებლოც და სახალისოც. კითხვა ერთადერთი ოქროს წესი ისაა, რომ ამბავი უნდა იყოს საინტერესო და ღირებული. თუ ბავშვებს ამბავი არ მოსწონთ, მაშინ უნდა გადადოთ იგი, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გზავნილი. ისევე, როგორც უფროსები, ბავშვებიც სწავლობენ იმას, რაც უყვართ. გამონაკლისი არ არის წიგნების კითხვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები (0)

https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე