მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png
რომელ ასაკში რა წავაკითხოთ ბავშვებს?

დიანა ანფიმიადი, ზანდა ჩეჩელაშვილი

რომელ ასაკში რა წავაკითხოთ ბავშვებს?

ადრეული წიგნიერება ბავშვის განვითარების ფუნდამენტია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ისეთი უნარების გამომუშავებისთვის, როგორცაა ენობრივი და მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი და ფანტაზიის, სამომავლოდ კი აკადემიური უნარების ფორმირებისთვის.

დაბადებიდან 6 წლამდე ასაკი განვითარების კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა, როცა ყველა ამ უნარის გამომუშავებისთვის ბავშვს აქვს ყველაზე დიდი მზაობა და მეტად მოქნილია მცირე დროში და გაცილებით მარტივად დაისწავლოს.

წიგნის კითხვა არ იწყება სასკოლო ასაკში ასოების ცნობით და მათი სიტყვაში გაერთიანებით. ბავშვისთვის კითხვა გაცილებით ადრეულ ასაკში იწყება. ადრეული წიგნიერება გულისხმობს უნარებსა და ცოდნას, რომლებსაც ბავშვები იძენენ წერა-კითხვის ოფიციალური სწავლების დაწყებამდე პერიოდში. წიგნიერების ადრეული აქტივობები ხშირად მოიცავს წიგნების გაცნობას, თხრობას, სიმღერების სიმღერას და ენით მდიდარ გამოცდილებას.

წიგნის თაროებზე მრავალფეროვან ლიტერატურას ვხვდებით, მკითხველის ასაკი ზოგჯერ მითითებულია, ზოგჯერ-არა, მშობლებს უჭირთ გარკვევა, სწორად არჩევენ თუ არა საკითხავს შვილებისათვის, რომელ ასაკს როგორი წიგნი შეეფერება და ა.შ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ წესებისა და ინსტრუქციების მიუხედავად, ყველა გამოცდილება, მათ შორის, წიგნის კითხვისაც- ინდივიდუალურია. შესაძლებელია, რომელიმე სურათებიანი წიგნი საინტერესო აღმოჩნდეს უფროსი ასაკის ბავშვისთვის, არსებობს საბავშვო წიგნები, რომელთაც უფროსებიც კითხულობენ, ამიტომ წესები და რჩევები ერთგვარი კანონიკისა და კონსტიტუციის შინაარსს არ ატარებს, მშობელმა ყოველთვის შეიძლება ამა თუ იმ წესს ბავშვის ინტერესისა თუ მოთხოვნილების მიხედვით გადაუხვიოს.

მაშ, ასე, რომელ ასაკში რა წავაკითხოთ ბავშვებს?

0-2 ყველაზე პატარა მკითხველი

  • ამ ასაკისთვის უნდა შევარჩიოთ სათამაშო, მუსიკალური, სენსორული, ფერადნახატებიანი წიგნები, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რამდენიმე სიტყვა.
  • 1 წლის ასაკიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ისეთი უნარების გამომუშავებაში, რაც სამომავლოდ კითხვის უნარს უდევს საფუძვლად. ამ ასაკიდან, პირველი ნაბიჯი სწორედ ისაა, რომ მშობელი უკითხავს ბავშვს. გარდა იმისა, რომ ამით ბავშვს კითხვის ყველაზე ელემენტარულ უნარებს ვძენთ, თავად ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობელისა და შვილის მიჯაჭვულობის, ემოციური კავშირის დამყარების პროცესში.
  • წიგნები, რომელსაც ამ ასაკის ბავშვს ვთავაზობთ უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული ილუსტრაციებით და მინიმალურად დატვირთული ტექსტით. შესაძლოა ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტექსტი საერთოდ არ ეწეროს წიგნში თითო გვერდზე იყოს თითო ილუსტრაცია, მცირე დეტალებით, არაგადატვირთული, რომ არ იყოს დამაბნეველი და არ მოითხოვდეს ბევრ ყურადღებას ბავშვისგან. ამ ასაკში, ბავშვის წიგნთან ურთიერთობა გულისხმობს, ფურცლების მოსინჯვას, გადაფურცვლას, ილუსტრაციის გახმოვანებას, აღნიშვნას რას ხედავს იგი.
  • 2 წლის ასაკში, სულაც არ არის აუცილებელი ბავშვებს ვუკითხოთ ზღაპრები ბევრი პერსონაჟითა და „მორალით“, რასაც ბევრი დაფიქრებაც სჭირდება და მოსასმენადაც საკმაოდ რთულია. ასეთ მცირე ასაკში ტექსტი, რომლის მოსმენის და გაგების რესურსიც აქვს ბავშვს უნდა იყოს მარტივი, მოკლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული და მაქსიმულურად სახალისო. ტექსტში უნდა მეორდებოდეს ფრაზები, რომ მათი დამახსოვრება ბავშვს გაუმარტივდეს.

3-5 დამწყები მკითხველი

  • ნახატებიანი წიგნები ერთ გვერდზე მაქსიმუმ 5-7 სიტყვიანი წინადადებების გამოყენებით.
  • მთავარი შეცდომა, რომელსაც 3 წლის ასაკის ბავშვისთვის კითხვის პროცესში ვუშვებთ ისაა, რომ მშობელი ზღაპარს ყვება, ან კითხულობს, ბავშვი კი პასიურად ზის და ისმენს. ამ ასაკის ბავშვებისთვის კითხვის ეს ტექნიკა ხშირად (თუმცა, ცხადია ვითვალისწინებთ ბავშვის უნარებსაც) შეუსაბამო და მოსაწყენია. ამ ასაკში ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვს მოსწონდეს წიგნი, მოსწონდეს როცა უკითხავენ, შეძლოს ახალი სიტყვების, ან მარტივი წინადადებების, დიალოგების დამახსოვრება და სწავლა. კითხვას ამ ასაკში ძირითადად სწორედ ეს ფუნქცია აქვს. ღრმა შინაარსები, მორალი, მსჯელობა და ლოგიკური დასკვნები, ცოტა უფრო შემდგომ ასაკში გვჭირდება.
  • 3 წლის ასაკის ბავშვის წიგნების ყდა შეიძლება იყოს უფრო თხელი, ილუსტრაციები შეიძლება იყოს მეტად გაშლილი და მოიცავდეს სიუჟეტებს, მოქმედებებს, ამბებს, რომლის მოკლე ფრაზებით აღწერაც ბავშვსაც შეუძლია, რომ ჩართული იყოს კითხვის პროცესში და არ იყოს პასიური მსმენელი.
  • 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წაკითხვის დროს, მშობელი ტექსტის წაკითხვასთან ერთად, უნდა აღწერდეს სურათს, ასახელებდეს მოქმედებას სურათზე, ნელა და მკაფიოდ, ყოველ დასახელებულ საგანს ადებდეს თითის, შემდეგ ბავშვს ადებინებდეს თითს, ახმოვანებდეს ყველაფერს, რასაც ბავშვი თავისი ინიციატივით ადებს თითს.
  • კითხვის პროცესში ხშირად უნდა შეიცვალოთ ხმა, გაახმოვანოთ საგნების, წვიმის/ქარის, ცხოველების, ფრინველების თუ სხვადასხვა ადამიანების ხმები.
  • ხშირად დასვით კითხვა - ეს რა არის? ეს როგორ აკეთებს? ეს როგორ დადის? ამას რა უყვარს? ეს სად ცხოვრობს? - თავდაპირველად ყველა დასმულ კითხვას თქვენ პასუხობთ. დროთა განმავლობაში ბავშვი თავად დაიწყებს ყველაფრის გახმოვანებას.

6-7 გზა ნამდვილი მკითხველობისკენ

  • ნახატებიანი წიგნები მცირე ამბებით, მარტივი სიუჟეტი, თავებად დაყოფილი პატარა წიგნები.
  • 5-6 წლის ასაკში, მნიშვნელობა ენიჭება წიგნებს, რომლისგანაც ბავშვი მხოლოდ მოსმენით კი არ ირთობს თავს, სწავლობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა მეგობრობა, დათმობა, დახმარება, პატიება - სოციალურად მისაღები ქცევები, როგორ შეიძლება ვმართოთ ემოციები, როგორ გადავჭრათ კონფლიქტები მეგობრებთან და სხვა ნებისმიერი რამ, რაც გვინდა ბავშვს დავასწავლოთ, რაზეც გვინდა დავაფიქროთ. თუმცა ამ ასაკშიც, როცა ბავშვს ხმამაღლა ვუკითხავთ, აუცილებელია, ის გახდეს წიგნის ნაწილი, დავეხმაროთ თავი წარმოიდგინოს ერთ-ერთ პერსონაჟად - ვკითხოთ „შენ ვინ იქნებოდი ამ ამბავში?“ „შენ როგორ მოიქცეოდი?“ „როგორ გგონია, ეს პერსონაჟები სწორად მოიქცნენ?“ მის ადგილას შენ გეწყინებოდა?
  • მიეცით ბავშვს საშუალება ისაუბროს ბევრი. თუნდაც წაიკითხოთ მხოლოდ ნაწილი წიგნის და არა მთლიანი ზღაპარი თავიდან ბოლომდე.
  • მიეცით გასაქანი ფანტაზიას და მხოლოდ მოთხრობას ნუ დაეყრდნობით, ბავშვსაც მიეცით საშუალება თავად წარმოიდგინოს -„რა მოხდება თუ… რა შეიძლება მოხდეს თუ.“
  • წიგნი უნდა გახდეს ბავშვისთვის ცოცხალი, ნამდვილი, მისი ისტორიის ნაწილი და ბავშვიც უნდა იყოს მონაწილე იმ ამბების, რომელთაც ერთად კითხულობთ.
  • შესთავაზეთ შეცვალოს დასასრული თუ თავად სურს. შესთავაზეთ თავად შექმნას ილუსტრაციები. დაეხმარეთ გახდეს ყოველი წაკითხული წიგნის თანაავტორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები (0)

https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე